LYRICS.AZ APPLICATION

Download from Apple Store
Download from Google Play

Shota Rustaveli - შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანი - 603-700 lyrics

603

«ნავითა გავე, ზღვისაგან შტო რამე გამოვიდოდა.
არ ამოვჰკრეფდი გამყოფთა, ვთქვი, ჩემთა რად დავჰრიდო, და?
დამიძაბუნეს, სიმრავლე მე მათი არ გამვიდოდა,
ვნადირობდი და ვიზახდი, ხმა ჩემი არ უდიდოდ ა.

604

«მართლად იჯავრეს, წუნობა მათი თუ ესე ხმდა ვითა!
გამომაპარნეს ლაშქარნი, გზანი შემიკრნეს ნავითა,
თვით ბიძა-ძენი ჩემნიცა შესხდეს მათითა თავითა,
ჩემთა გაუხდეს ლაშქართა ომად მათითა მკლავითა.

605

«მათი მესმა, დავინახე ზახილი და ხრმალთა ელვა,
ნავი ვსთხოვე მენავეთა, მით ვიყივლე მე ერთხელ ვა,
ზღვასა შევე, მომეგება მეომარი ვითა ღელვა,
სწადდა, მაგრა ვეღარა ქმნეს ჩემი ზედა წამოქელვა.

606

«კვლა სხვანი დიდნი ლაშქარნი უკანა მომეწეოდეს,
იქით და აქათ მომიხდეს, ერთგნით ვერ მომერეოდეს,
არ მომწურვოდეს წინანი, ზურგით მესროდეს მე ოდეს,
ხრმალსა მივენდევ, გამიტყდა, ისარნი დამელეოდეს.

607

«მომეჯარნეს, ვეღარა ვქმენ, ნავით ცხენი გარდვიხლტუნვე,
ზღვა-ზღვა ცურვით წამოვუვე, ჩემი მჭვრეტი გავაცბუნვე;
თანა-მყოლნი ყველაკანი დამიხოცნეს, დამრჩეს მუნვე,
ვინცა მდევდის, ვერ შემომხვდის, მივუბრუნდი, მივაბრუნვე.

608

«აწ იგი იქმნას, რაცაღა ენებოს ღმრთისა წადილსა!
ვეჭვ, ჩემი სისხლი არ შეჰრჩეს, ძალი შემწევდეს ქადილსა!
ოხრად გავუხდი ყოფასა მათ საღამოსა და დილსა,
ვუხმობ ყვავთა და ყორანთა, მათ ზედა ვაქმნევ ხადილსა!»


609

“ამა ყმამან შემიკვეთა, გული მისკე მიმიბრუნდა.
მოვახსენე: «აჩქარება შენი ყოლა არა უნდა,
მეცა თანა წამოგყვები, დაიხოცნენ იგი მუნ, და!
ჩვენ ორთავე მეომარი განაღამცა შეგვიძრწუნდა!»


610

“ესეცა ვუთხარ: «ამბავი ჩემი არ გაგეგონების,
უფრორე წყნარად გიამბობ, თუ ჟამი ჩვენ გვექონების».
მან მითხრა: «ლხინი საჩემო მაგას რა შეეწონების!
დღედ სიკვდილამდის სიცოცხლე შენ ჩემი დაგემონების».

611

“მივედით მისსა ქალაქსა ტურფასა, მაგრა ცოტასა;
გამოეგებნეს ლაშქარნი, ისხმიდეს მისთვის ოტასა,
პირსა იხოკდეს, გაჰყრიდეს ნახოკსა ვით ნაფოტასა,
ეხვეოდიან, ჰკოცნიდეს ხრმალსა და სალტე-კოტასა.

612

“კვლა მოვეწონე, ვეტურფე მე მისი გარდნაკიდარი;
შემასხმიდიან ქებასა: “მზეო, შენ ჩვენთვის იდარი!»
მივედით, ვნახეთ ქალაქი მისი ტურფა და მდიდარი,
ყველასა ტანსა ემოსა ზარქაში განაზიდარი”.



შველა ტარიელისაგან

ფრიდონისა



613

“მოჯობდა, ომი შეეძლო, ხმარება ცხენ-აბჯარისა;
დავკაზმეთ ნავი, კატარღა და რიცხვი სპათა ჯარისა;
კაცი ხმდა, მისთა მჭვრეტთათვის ღონემცა ეაჯა რისა!
აწ გითხრა ომი მოყმისა, მებრძოლთა დამსაჯარისა.

614

“მათი მესმა დაპირება, ჩაბალახთა ჩამობურვა;
ნავი წინა მომეგება, არა ვიცი, იყო თუ რვა.
ფიცხლად ზედა შევეჯახე, მათ დაიწყეს ამოდ ცურვა;
ქუსლი ვჰკარ და დავუქცივე, დაიზახეს დიაცურ ვა!

615

“კვლა სხვასა მივე, მოვჰკიდე ხელი ნავისა ბაგესა,
ზღვასა დავანთქი, დავხოცე, ომიმცა რაღა აგესა!
სხვანი გამექცეს, მიჰმართეს მათ მათსა საქულბაგესა;
ვინცა მიჭვრეტდეს, უკვირდა, მაქებდეს, არ მაძაგესა.

616

“ზღვა გავიარეთ, გავედით, შემოგვიტივეს ცხენია,
კვლა შევიბენით, შეიქმნა ომისა სიმარცხენია.
მუნ მომეწონნეს ფრიდონის სიქველე-სიფიცხენია:
იბრძვის ლომი და პირად მზე, იგი ალვისაც ხენია.

617

“თვით ორნივე ბიძა-ძენი მისნი ხრმლითა ჩამოყარნა,
ხელნი წმიდად დაეკვეთნეს, იგი ასრე ასაპყარნა,
მოიყვანნა მხარ-დაკრულნი, ერთმან ორნი არ დაყარნა,
მათნი ყმანი აატირნა, მისნი ყმანი ამაყარნა.

618

“მათნი ლაშქარნი გაგვექცეს; ვეცენით, გა-ცა-ვფანტენით.
ფიცხლად წავუღეთ ქალაქი, არ თავნი გავაზანტენით;
ქვითა დავჰლეწეთ წვივები, ჩვენ იგი გავანატენით.
მომკალ, თუ ლარი დაჰლიოთ ან აკიდებით, ან ტენით.

619

“ფრიდონ ნახნა საჭურჭლენი და ბეჭედნი მისნი დაჰსხნა.
თვით ორნივე ბიძა-ძენი დაპყრობილნი წამოასხნა.
მისად ნაცვლად სისხლნი მათნი მოღვარნა და ველთა ასხნა;
ჩემი თქვეს, თუ: «ღმერთსა მადლი, ვინ ალვისა ხენი ასხნა!»


620

“მივედით, მოქალაქეთა ზარი ჩნდა, რომე ზმიდიან,
აჯაბთა მქმნელნი მჭვრეტელთა გულსა მუნ დააბმიდიან;
მე და ნურადინს ყველანი ქებასა შეგვასხმიდიან,
გვითხრობდეს: «მკლავთა თქვენთაგან ჯერთ მათნი სისხლნი მიდიან!»


621

“ლაშქარნი ფრიდონს მეფედ და მიხმობდეს მეფეთ-მეფობით,
თვით თავსა მათსა - მონად და ჩემსა - ყველასა სეფობით;
დაღრეჯით ვიყავ, ვერ მპოვეს ვეროდეს ვარდის მკრეფობით,
ჩემი ვერ ცნიან ამბავი, მუნ იყო არ იეფობით”.



ფრიდონისაგან ნესტან-დარეჯანის

ამბის მბობა



622

“დღესა ერთსა მე და ფრიდონ ნადირობას გამოვედით,
ზღვასა ზედა წაწურვილსა ქედსა რასმე გარდავედით;
ფრიდონ მითხრა: «გითხრობ რასმე, - ვთამაშობდით, ცხენსა ვსხედით, -
ერთი რამე საკვირველი მე ვნახეო ამა ქედით».

623

“მე ვჰკითხევდი, ფრიდონ მეტყვის მართ ამბავსა ესოდენსა:
«დღე ერთ მწადდა ნადირობა, შევჯე ამა ჩემსა ცხენსა, -
ზღვათა შიგან იხვსა ჰგვანდა, ხმელთა ზედა შავარდენსა, -
აქა ვდეგ და თვალს ვუგებდი ქორსა, იქით განაფრენსა.

624

«ზოგჯერ ზღვისკე მივიხედნი, წავსდგომოდი ამა გორსა;
ზღვასა შიგან ცოტა რამე დავინახე, თუცა შორსა.
ეგრე ფიცხლად სიარული არას ძალ-უც მისსა სწორსა,
ვერად ვიცან, გავეკვირვე გონებასა ამად ორსა.

625

«ვთქვი: «რა არის, რას ვამსგავსო, მფრინველია, ანუ მხეცი?»

ნავი იყო, გარ ეფერა სამოსელი მრავალ-კეცი;
წინა კაცნი მოზიდვიდეს; თვალი ამად დავაცეცი,
მთვარე უჯდა კიდობანსა, ცა მეშვიდე მასმცა ვეცი.

626

«ამოძვრეს ორნი მონანი, შავნი მართ ვითა ფისანი.
ქალი გარდმოსვეს, სისხონი ვნახენ მისისა თმისანი.
მას რომე ელვა ჰკრთებოდა, ფერნიმცა ჰგვანდეს რისანი!
მან განანათლა სამყარო, გაცუდდეს შუქნი მზისანი!

627

«სიხარულმან ამაჩქარა, ამათრთოლა, და-ცა-მლეწა,
იგი ვარდი შემიყვარდა, რომე თოვლსა არ ეხეწა;
დავაპირე შეტევება, ვთქვი: “წავიდე მათკე მე, წა,
ჩემსა შავსა სულიერი რამცა ვითა გარდეხვეწა!»


628

«ცხენი გავქუსლე, იქმოდის შამბი ხმასა და ხრიალსა,
ვეღარ მივუსწარ, გამესწრნეს, რაზომცა ვსცემდი წრტიალსა.
ზღვის პირსა მივე, შევხედენ, ჩნდა ოდენ მზისა ტიალსა,
გამშორვებოდეს, წამსლვოდეს, ამისთვის დავეწვი ალსა».

629

“ესე მესმა ფრიდონისგან, მომემატა ცეცხლთა სიცხე,
ცხენისაგან გარდავიჭერ, თავი სრულად გავიკიცხე,
ჩემთა ღაწვთა დანადენი მე ჩემივე სისხლი ვიცხე.
ვუთხარ: «მომკალ, უჩემოსა ენახამცა ვისცა ისც ხე!»


630

“ესე ჩემგან გაუკვირდა ფრიდონს, მეტად ეუცხოვა,
მაგრა მეტად შევებრალე, ტირილითა მესათნოვა;
ვითა შვილი დამადუმა, მემუდარა, შემეპოვა,
თვალთათ ვითა მარგალიტი ცრემლი ცხელი გარდმოთოვა.

631

«ვაგლახ მეო, რა გიამბე ფათერაკად, მცდარმან, შმაგად!»

მოვახსენე: «ნურა გაგვა, ნუ ინავღლი მაგას მაგად!
იგი მთვარე ჩემი იყო, მით მედების ცეცხლი მდაგად;
აწ გიამბობ, რათგან თავი გინდა ჩემად ამხანაგად».

632

“ფრიდონს ვუთხარ ყველაკაი ჩემი, თავსა გარდასრული;
მან მითხრა, თუ: «რას ვიტყოდი მოცთომილი, გაბასრული!
შენ, მაღალი ინდოთ მეფე, ჩემსა რადმე ხარ მოსრული,
სახელმწიფო საჯდომი და ტახტი გმართებს, სრაცა სრული».

633

კვლაცა მითხრა: «ვისცა ღმერთი საროს მორჩსა ტანად უხებს,
მას ლახვარსა მოაშორვებს, თუცა პირველ გულსა უხებს,
იგი მოგვცემს წყალობასა მისსა, ზეცით მოგვიქუხებს,
ჭირსა ლხინად შეგვიცვალებს, არაოდეს შეგვაწუხებს».

634

“წამოვედით ნატირებნი, სრას დავსხედით თავის წინა;
ფრიდონს ვუთხარ: «ჩემი შემწე შენგან კიდევ არავინ ა,
ვითა ღმერთმან შენი მსგავსი სოფლად არა მოავლინა,
მაშა რათგან შეგემეცენ, ამის მეტი რად რა მინა?

635

«არ ავი გესვა მოყვარე, ჟამი თუ მომხვდეს ჟამისად,
ენა, გონება მახმარე გამოსარჩევლად ამისად:
რა მოვაგვარო, რა მიჯობს სალხენად ჩემად და მისად?
თუ ვერას ვარგებ, ვიქმნები ვერ-დამყოფელი წამისად».

636

“მან მითხრა: «ბედი ღმრთისაგან მიჯობსღა ამას რომელი?
მოსულხარ ჩემად წყალობად მეფე ინდოეთს მჯდომელი;
მემცა რად ვიყავ ამისთვის მადლისა რასმე მნდომელი?
ერთი ვარ მონა მონებად წინაშე თქვენსა მდგომელი.

637

«ესე ქალაქი გზა არის ნავთა, ყოველგნით მავალთა,
შემომკრებელი ამბავთა უცხოთა რათმე მრავალთა;
აქა მოგვესმის ამბავი, შენ რომე დაუწვავ ალთა.
ნუთუ ქმნას ღმერთმან გარდახდა მაგ შენთა ჭირთა და ვალთა!»

638

«ჩვენ გავგზავნნეთ მენავენი, რომელთაცა კვლა უვლია,
მოგვინახონ იგი მთვარე, ვისთვის ჭირი არ გვაკლია;
მუნამდისცა მოიჭირვე, - გონებამან არ დაგლია.
ყოლა ჭირი არ ეგების, თუმცა ლხინმან არ დასძლია».

639

“კაცნი იხმნა მასვე წამსა, - ესე საქმე დავიურვეთ, -
უბრძანა, თუ: «ნავებითა წადით, ზღვა-ზღვა მოიცურვეთ,
მოგვინახეთ, საყვარელსა მისსა მისთვის მოასურვეთ;
თავთა ჭირი უათასეთ, რადმც უშვიდეთ, ანუ ურვეთ?»


640

“აჩინნა კაცნი, სადაცა სადგურნი ნავთა სჩენოდეს;
უბრძანა: «ძებნეთ ყოველგან, რაცა ვის მისი გსმენოდეს».
მოლოდნა მიჩნდა სალხინოდ, პატიჟნი მო-რე-მლხენოდეს,
უმისოდ ლხინი მინახავს, ამა დღისათვის მრცხვენოდეს!

641

“ფრიდონ საჯდომნი დამიდგნა ადგილსა საპატრონოსა,
მითხრა, თუ: «მცთარვარ, აქამდის ვერ მივჰხვდი გასაგონოსა

ხარ დიდი მეფე ინდოთა, რა ვით ვინ მოგაწონოსა!
ვინ არის კაცი, რომელმან თავი არ დაგამონოსა?!»


642

“რას ვაგრძელებდე! მოვიდეს ყოვლგნით ამბისა მცნობელნი,
ცუდნი და ცუდთა ადგილთა თავისა დამაშრობელნი;
ვერა ვერ ეცნა, ვერ იყვნეს ვერას ამბისა მბობელნი,
მე უფრო მდინდეს თვალთაგან კვლა ცრემლნი შეუშრობელნი.

643

“მე ფრიდონს ვუთხარ: «ესე დღე ვითა მესაზაროების,
ამისად მოწმად ღმერთი მყავს, სათქმელად მეუცხოების;
უშენოდ მყოფსა ღამე და დღეცა მესაღამოების,
დახსნილ ვარ ლხინსა ყოველსა, მით გული ჭირსა მოების.

644

«მაშა მე მისსა ამბავსა რათგან აღარას მოველი,
ვეღარ ვიქმნები, გამიშვი, ვარ ფარმანისა მთხოველი!»

ფრიდონს რა ესმა, ატირდა, სისხლითა მოერწყო ველი,
მითხრა, თუ: «ძმაო, დღესითგან ცუდ ჩემი ლხინი ყოველი!»


645

“თუცა დია მოიჭირვეს, ვერცა ეგრე დამიჭირეს;
მისთა სპათა მუხლ-მოყრილთა თავი მათი ჩემ კერძ ირეს,
მეხვეოდეს, მაკოცებდეს, ატირდეს და ამატირეს:
«ნუ წახვალო, დაგემონნეთ, სიცოცხლეა ჩვენი ვირ ეს!»


646

“ეგრე ვუთხარ: «თქვენი გაყრა მეცა დია მეძნელების,
მაგრა ლხინი უმისოსა ჩემგან ძნელად გაიძლების;
ჩემსა ტყვესა ვერ გავსწირავ, თქვენცა დია გებრალების,
ნუვინ მიშლით, არ დავდგები, არცა ვისგან დამეშლების».

647

“მერმე ფრიდონ მოიყვანა, მიძღვნა ესე ჩემი ცხენი,
მითხრა: «ჰხედავ, პირი მზისა, თქვენ საროსა ეგეც ხენი,
ვიცი, მეტი არა გინდა, ძღვენნი რადმცა გავკიცხენი?
თვით ამანვე მოგაწონოს სახედნობა, სიფიცხენი».

648

“ფრიდონ გამომყვა, წავედით, ორთავე ცრემლნი ვღვარენით;
მუნ ერთმანერთსა ვაკოცეთ, ზახილით გავიყარენით.
სრულად ლაშქარნი მტიროდეს გულითა მართლად, არ ენით.
გაზრდილ-გამზრდელთა გაყრასა ჩვენ თავნი დავადარენით.

649

“ფრიდონისით წამოსრულმან წავე ძებნად, კვლა ვიარე,
რომე არა არ დამირჩა ხმელთა ზედა, ზღვათა გარე,
მაგრა მისსა მნახავსაცა კაცსა ვერას შევეყარე;
გული სრულად გამიშმაგდა, თავი მხეცთა დავადარე.

650

“ვთქვი, თუ: «ჩემგან აღარა ხამს სიარული, ცუდი ცურვა,
ნუთუ მხეცთა სიახლემან უკუმყაროს გულსა ურვა!»
[Lyrics from: https:/lyrics.az/shota-rustaveli/shota-rustaveli-vep-xistqaosani/shot-a-rust-avelis-vep-xistqaosani-603-700.html]

მონათა და ამა ასმათს სიტყვა ვუთხარ შვიდი, თუ რვა:
“ვიცი, რომე დამირჯიხართ, დია გმართებს ჩემი მდურვა.

651

«აწ წადით და მე დამაგდეთ, ეტერენით თავთა თქვენთა,
ნუღარ უჭვრეტთ ცრემლთა ცხელთა, თვალთა ჩემთათ მონადენთა!»

რა ესენი მოისმენდეს საუბართა ესოდენთა,
მითხრეს: «ჰაი, რასა ჰბრძანებ, ნუ მოასმენ ყურთა ჩვენთა!

652

«უშენოსა ნუმცა ვნახავთ, ნუ პატრონსა, ნუ უფალსა!
ნუთუ ღმერთმან არ გაგვყარნეს ცხენთა თქვენთა ნატერფალსა!
თქვენ გიჭვრეტდეთ საჭვრეტელსა შვენიერსა, სატურფალსა!»

თურე ბედი მოაღაფლებს კაცსა ეგზომ არ-ღაფალსა.

653

“ვეღარ გავგზავნენ, სიტყვანი მესმნეს მონათა ჩემთანი,
მაგრა დავყარენ არენი მე კაცრიელთა თემთანი;
სახლად სამყოფნი მიმაჩნდეს თხათა და მათ ირემთანი.
გავიჭერ, სრულად დავტკებნენ ქვე მინდორნი და ზე მთანი.


654

“ესე ქვაბნი უკაცურნი ვპოვენ, დევთა შეეკაფნეს,
შემოვები, ამოვწყვიდენ, ყოლა ვერას ვერ მეხაფნეს,
მათ მონანი დამიხოცნეს, ჯაჭვნი ავად მოექაფნეს.
საწუთრომან დამაღრიჯა, ცქაფნი მისნი კვლა მეცქაფნეს.

655

“დევთა ყვირილი, ზახილი ზეცამდის აიწეოდა;
მათისა ლახტის ცემითა ქვეყანა შეირყეოდა;
მზე დააბნელეს მტვერითა, ალვის შტო შეირხეოდა,
ასი ერთ კერძოთ მომიხდეს, დავფრიწე, დაიხეოდა.

656

“აჰა, ძმაო, მაშინდლითგან აქა ვარ და აქა ვკვდები;
ხელი მინდორს გავიჭრები, ზოგჯერ ვტირ და ზოგჯერ ვბნდები,
ესე ქალი არ დამაგდებს, - არს მისთვისვე ცეცხლ-ნადები, -
ჩემად ღონედ სიკვდილისა მეტსა არას არ ვეცდები!

657

“რომე ვეფხი შვენიერი სახედ მისად დამისახავს,
ამად მიყვარს ტყავი მისი, კაბად ჩემად მომინახავს;
ესე ქალი შემიკერავს, ზოგჯერ სულთქვამს, ზოგჯერ ახავს;
რათგან თავი არ მომიკლავს, ხრმალი ცუდად მომიმახავს.

658

“მისსა ვერ იტყვის ქებასა ყოველი ბრძენთა ენები;
მას დაკარგულსა ვიგონებ მე, სიცოცხლისა მთმენები;
მას აქათ ვახლავ ნადირთა, თავსა მათებრვე მხსენები;
სხვად არას ვიაჯ ღმრთისაგან, ვარ სიკვდილისა მქენები”.

659

პირსა იცა, გაიხეთქა ღაწვი, ვარდი აიხეწა,
ლალი ქარვად გარდიქცია, ბროლი სრულად დაილეწა;
ავთანდილსცა ცრემლი წასდის წამწამთაგან ერთ-სახე, წა;
მერმე ქალმან დაადუმა, მუხლ-მოყრილი შეეხვეწა.

660

ტარიელ უთხრა ავთანდილს, ასმათის დადუმებულმან:
“შენ ყველაკაი გაამე მე ვერას ვერ ამებულმან;
გიამბე ჩემი ამბავი სიცოცხლე-გაარმებულმან,
აწ წადი, ნახე შენი მზე ნახვისა მოჟამებულმან”.

661

ავთანდილ უთხრა: “მე შენი გაყრა არ მომეთმინების;
თუ გაგეყრები, თვალთაგან ცრემლიცა დამედინების.
მართალსა გითხრობ, ამისი კადრება ნუ გეწყინების,
შენ ვისთვის ჰკვდები, მაგითა მას არა არ ელხინების.

662

“რა აქიმი დასნეულდეს, რაზომ გინდა საქებარი,
მან სხვა უხმოს მკურნალი და მაჯაშისა შემტყვებარი,
მან უამბოს, რაცა სჭირდეს სენი, ცეცხლთა მომდებარი:
სხვისა სხვამან უკეთ იცის სასარგებლო საუბარი.

663

“რაცა გითხრა, მომისმინე ბრძენი გეტყვი, არა ხელი:
ასი გმართებს გაგონება, არ გეყოფის, არ, ერთხელი;
კარგად ვერას ვერ მოივლენს კაცი აგრე გულ-ფიცხელი.
აწ მე მინდა ნახვა მისი, ვისგან დამწვავს ცეცხლი ცხელი.

664

“იგი ვნახო, სიყვარული მისი ჩემთვის დავამტკიცო;
მოვახსენო, რაცა მეცნას, მეტი საქმე არა მიცო;
შენ გენუკვი, შემიჯერო, ღმერთი იღმრთო, ცაცა იცო,
ერთმანერთი არ გავწიროთ, მაფიცო და შემომფიცო.

665

“რომე აქათ არ წახვიდე, შენ თუ ამას შემეპირო,
მეცა ფიცით შეგიჯერო, არასათვის არ გაგწირო,
კვლა მოვიდე შენად ნახვად, შენთვის მოვკვდე, შენთვის ვირო,
ღმერთსა უნდეს, ვისთვის ჰკვდები, მისთვის ეგრე არ გატირო”.

666

“მან მიუგო: “უცხოს უცხო ეგრე ვითა შეგიყვარდი?
გასაყრელად გეძნელები, იადონსა ვითა ვარდი;
რაგვარამცა დაგივიწყე, რაგვარამცა უკუმქარდი!
ღმერთმან ქმნას და კვლაცა გნახო ალვა მორჩი, განაზარდი.

667

“პირი შენი ნახვად ჩემად თუ მობრუნდეს, ტანი იხოს,
გული მინდორს არ გაიჭრას, არ იირმოს, არცა ითხოს;
თუ გიტყუო, მოგაღორო, ღმერთმან რისხვით გამიკითხოს!
შენმან ჭვრეტა-სიახლემან მომაქარვოს სევდა, მითხოს!»

668

ამას ზედა შეიფიცნეს მოყვარენი გულ-სადაგნი,
იაგუნდნი ქარვის-ფერნი, სიტყვა-ბრძენნი, ცნობა-შმაგნი;
შეუყვარდა ერთმანერთი, სწვიდეს მიწყივ გულსა დაგნი,
მას ღამესა ერთგან იყვნეს შვენიერნი ამხანაგნი.

669

ავთანდილცა მასვე თანა ტიროდა და ცრემლი ღვარა;
რა გათენდა, წამოვიდა, აკოცა და გაეყარა;
ტარიელს თუ ვით ეწყინა, - რა ქნას, - ამას ვერ მიმხვდარა;
ავთანდილცა ჩატიროდა, შამბი შიგან ჩაიარა.

670

ავთანდილს ასმათ ჩამოჰყვა, ზენარით ეუბნებოდა,
მუხლთა უყრიდა, ტიროდა, თითითა ეხვეწებოდა,
ადრე მოსლვასა ჰვედრებდა, მართ ვითა ია ჭნებოდა;
მან უთხრა: “დაო, უთქვენოდ სხვა რამცა მეგონებოდა!

671

“ადრე მოვალ, არ გაგწირავ, არას დავზამ შინა ხანსა,
ოდენ სხვაგან არ წავიდეს, ნუ სად არებს იმა ტანსა;
აქათ ორ თვე არ მოვიდე, ვიქმ საქმესა დაუგვანსა,
შეიგენით, მივცემივარ ჭირსა რასმე თანისთანსა”.



ამბავი ავთანდილისა

არაბეთს შექცევისა


672

იგი მუნით წარმოსრული სევდამანცა განა მოკლა!
პირსა იხოკს, ვარდსა აზრობს, ხელი მისი განამხოკლა;
სისხლსა, მისგან დადენილსა, მხეცნი ყოვლი განამლოკლა;
მისმან ფიცხლად სიარულმან შარა გრძელი შეამოკლა.

673

მუნ მოვიდა, სადა-იგი მისნი სპანი დაეყარნეს.
ნახეს, იცნეს; რაგვარადცა ჰმართებს, აგრე გაეხარნეს.
შერმადინსცა ახარებდეს, ფიცხლად თავნი მისკენ არნეს:
“მოვიდაო, აქანამდის ვისთვის ლხინი გაგვემწარნეს!»

674

გაეგება, მოეხვია, ზედა დასდვა პირი ხელსა,
აკოცებდა, სიხარულით ცრემლსა ღვრიდა ველთა მრწყველსა;
ესე თქვა, თუ: “ნეტარ, ღმერთო, ცხადსა ვხედავ, ანუ ბნელსა?
მე ვით ღირს ვარ ამას, რომე თვალნი ჩემნი ჭვრეტდენ მრთელსა!»

675

ყმამან მდაბლად მოიკითხა, ზედა დასდვა პირი პირსა;
უბრძანა, თუ: “ღმერთსა ვჰმადლობ, შენ თუ ჭირი არა გჭირსა!»
დიდებულთა თაყვანის-სცეს, აკოცებდეს ვინცა ღირს ა,
ზარსა სცემდეს, უხაროდა უფროსსა, თუ უნდა მცირსა.

676

მივიდეს, სადა სამყოფლად სახლი დგა მუნ აგებული.
მოვიდა ნახვად ყოველი მის ქალაქისა კრებული.
მაშინვე დაჯდა ნადიმად მორჭმული, ლაღი, შვებული.
ენა მის დღისა შვებასა ყოლა ვერ იტყვის კრებული.

677

შერმადინს უთხრა, უამბო ყოველი მისგან ნახული,
ანუ ვით პოვა იგი ყმა, მისგანვე მზედ დასახული.
ავთანდილს ცრემლი უყოფდა, უბნობდა თვალ-დაფახული:
“უმისოდ მყოფსა სწორად მიჩნს ჩემთვის დარბაზი და ხული”.

678

მუნ ამბავი შინაური ყველაკაი მოახსენა:
“შენი წასლვა არვინ იცის, რაცა მითხარ, აგრე ვქმენა!»
მას დღე მუნით არ წავიდა, ინადიმა, განისვენა,
ცისკრად შეჯდა, გაემართა, დღე რა მზემან განათენა.

679

არცაღა დაჯდა ნადიმად, არცაღა ქმნად ხალვათისა;
შერმადინ მახარობელი წავა მისლვისა მათისა,
ფიცხლად წავიდა, სავალი სამ დღე ვლო დღისა ათისა.
მას ლომსა ნახვა უხარის მის მზისა მოკამათისა.

680

შესთავლა: “მეფე უკადრი ხარმცა მორჭმით და დიდობით!
ამა საქმესა ვიკადრებ შიშით, კრძალვით და რიდობით:
მის ყმისა ვერას ვერ მცნობი ვუხმობდი თავსა ფლიდობით,
აწ ვცან და გაცნევ ყოველსა, მოვალ შვებით და მშვიდობით”.

681

როსტევან - მეფე უკადრი, მორჭმული, შეუპოველი!
შერმადინ მოციქულობა თვით მოახსენა ყოველი:
“ავთანდილ მოვა წინაშე, მის ყმისა ვისმე მპოველი”.
ბრძანა: “ვცან ჩემი ღმრთისაგან სააჯო და სათხოველი”.

682

თინათინს ჰკადრა შერმადინ, ნათელსა მას უღამოსა:
“ავთანდილ მოვა წინაშე, გკადრებს ამბავსა ამოსა”.
იგი მით აკრთობს ელვასა, მზისაცა უთამამოსა,
მას საბოძვარი უბოძა, მისი ყველაი დამოსა.

683

მეფე შეჯდა, გაეგება ყმასა, მუნით მომავალსა;
ამას პირ-მზე მეფისაგან ივალებდა ვითა ვალსა.
მიეგება, მოეგება მხიარული გულ-მხურვალსა,
დიდებულთა ჯარისაგან ზოგნი ჰგვანდეს ვითა მთრვალსა.

684

რა მიეახლა, გარდახდა ყმა, თაყვანის-სცა მეფესა;
აკოცა როსტან, მიმხვდარმან ნიშატთა სიიეფესა;
გულ-მხიარულნი, შვებულნი მივლენ დარბაზსა სეფესა;
მის ყმისა მოსლვა უხარის ყოველსა მუნ მეკრეფესა.

685

მას ავთანდილ თაყვანის-სცა ლომთა ლომმან მზეთა მზესა.
მუნ ბროლი და ვარდ-გიშერი გაეტურფა სინაზესა.
პირი მისი უნათლეა სინათლესა ზესთა ზესა,
სახლ-სამყოფი არა ჰმართებს, ცამცა გაიდარბაზესა!

686

მას დღე დასხდეს ნადიმობად, გაამრავლეს სმა და ჭამა;
ყმასა მეფე ასრე უჭვრეტს, ვითა შვილსა ტკბილი მამა.
მათ ორთავე აშვენებდა ფიფქსა თოვნა, ვარდსა ნამა.
უხვად გასცეს საბოძვარი, მარგალიტი, ვითა დრამა.

687

სმა გარდახდა, თავის-თავის გაიყარნეს მსმელნი შინა;
დიდებულნი არ გაუშვნეს, ყმა დაისვეს ახლოს წინა;
მეფე ჰკითხავს, იგი ჰკადრებს, რაცა ჭირი დაეთმინა,
მერმე მისი, უცნობოსა, რა ენახა, რა ესმინა:

688

“მას ვახსენებდე, ნუ გიკვირს, თქმა მჭირდეს მიწყივ ახისა!
მზე თუ ვთქვა მსგავსი მისი და ანუ მისისა სახისა,
ვინ უნახავ-ქმნის გონება ყოველთა კაცთა მნახისა;
ვარდი დამჭნარი ეკალთა შუა შორს-მყოფი, ახ ის ა!»

689

რა ჭირი კაცსა სოფელმან მოუთმოს მოუთმინამან,
ქაცვი ლერწამმან, ზაფრანა იმსგავსოს ფერად მინამან,
ავანდილ, მისმან მხსენებმან, ღაწვი ცრემლითა მინამან.
წვრილად უამბო ამბავი მან, მისმან მონასმინამან:

690

“ქვაბნი წაუხმან დევთათვის, სახლად აქვს დევთა სახლები,
საყვარელისა მისისა ქალი ჰყავს თანა ნახლები,
ვეფხისა ტყავი აცვია, ცუდად უჩნს სტავრა-ნახლები,
აღარა ნახავს სოფელსა, ცეცხლი სწვავს ახალ-ახლები”.

691

რა დაასრულა ამბავი, საქმე მისისა ჭირისა,
ნახვა მის მზისა ნათლისა, მის თვალად არ დუხჭირისა,
ეამა, უქეს ვარდისა ხელი, მძლედ დანამჭირისა:
“ეგე კმა სიმხნე სიმხნისად, რადღა ხარ მომხვეჭი რისა!»

692

გამხიარულდა თინათინ ამა ამბისა სმენითა;
მას დღე იხარებს სმისა და ჭამისა არ-მოწყენითა,
კვლა საწოლს დაჰხვდა მის მზისა მონა სიტყვითა ბრძენითა:
მისლვა ებრძანა, - ეამა, თქმა არ ეგების ენითა.

693

ყმა წავიდა მხიარული, ლმობიერი, არ გამწყრალი,
ლომი მინდორს ლომთა თანა მინდოს რული, ფერ-ნამკრთალი,
ყმა სოფლისა ხასიათი, ჯავარ-სრული, მრავალ-წყალი,
მაგრა ჰქონდა გულისათვის გული გულსა განაცვალი.

694

მზე უკადრი ტახტსა ზედა ზის მორჭმული, არ ნადევრი,
წყლად ეფრატსა უხვად ერწყო ედემს რგული ალვა მჭევრი;
ბროლ-ბადახშსა აშვენებდა თმა გიშერი, წარბი ტევრი,
მე ვინ ვაქებ? ათენს ბრძენთა ხამს, აქებდეს ენა ბევრი!

695

ყმა მხიარული წინაშე დასვა სკამითა მისითა;
სხენან სავსენი ლხინითა, ორთავე შესატყვისითა;
უბნობენ ლაღნი, წყლიანნი, არა სიტყვითა მქისითა;
უთხრა: “ჰპოვეა, პატიჟნი ჰნახენ ძებნითა ვისითა?»

696

ჰკადრა: “რა კაცსა სოფელმან მისცეს წადილი გულისა,
ხსოვნა არა ხამს ჭირისა, ვით დღისა გარდასრულისა.
ვპოვე ხე, ტანი ალვისა, სოფლისა წყალთა რწყულისა,
მუნ პირი, მსგავსი ვარდისა, მაგრა აწ ფერ-ნაკლულისა.

697

მუნ სარო, მსგავსი ვარდისა, ვნახე, მისჭირდა მი, ნები;
იტყვის: «დავკარგე ბროლი და სადა ჰრთავს ბროლსა მინები».
მით ვიწვი, რათგან ჩემებრვე ცეცხლი სწვავს მოუთმინები”.
მერმე კვლა ჰკადრა ამბავი მან, მისგან მონასმინები.

698

სიარულსა მისგან ძებნად, სრულ პატიჟთა მოსთვლის ჭირსა,
მერმე ჰკადრა საწადლისა ღმერთმან პოვნა ვით აღირსა:
“საწუთრო და სოფელს ყოფნა, კაცი უჩნსო, ვით ნადირსა,
ოდენ ხელი მხეცთა თანა იარების, მინდორს, ტირსა.

699

“ნუ მკითხავ, ქება რა გკადრო ჩემგან ვით გაგეგონების?
მისსა მნახავსა ნახული აღარა მოეწონების;
თვალნი მჭვრეტელთა, ვით მზისა ციაგსა, დაეღონების;
ვარდი შექმნილა ზაფრანად, აწ ია შეიკონების!»

700

წვრილად ჰკადრა რა იცოდა, რა ნახული, რა ნასმენად:
ვითა ვეფხსა წავარნა და ქვაბი აქვსო სახლად, მენად;
ქალი ახლავს სასურველად, სულთა დგმად და ჭირთა თმენად”.
“ვა, სოფელმან სოფელს მყოფი ყოვლი დასვა ცრემლთა დენად!

Correct these Lyrics